შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით ქალაქ სტრასბურგში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურიამ, ამავე სასამართლოს იურისტებმა და ევროპის საბჭოს ექსპერტებმა ისაუბრეს წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის სტანდარტებზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არსებულ რეკომენდაციებსა და ბავშვზე მორგებული გარემოს არსებობის აუცილებლობაზე. შეხვედრების მონაწილეებმა ასევე განიხილეს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რეგულირების მექანიზმები და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხები.
მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა ამავე შეხვედრებზე ისაუბრა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულებისა თუ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღწეულ პროგრესზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოსთან სამინისტროს წარმატებული თანამშრომლობის პრაქტიკას და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
სასწავლო ვიზიტი ევროპის საბჭოს პროექტის - "არასრულწლოვან და სრულწლოვან თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა" - ფარგლებში ჩატარდა.